თამარ ტალიაშვილი: წლების განმავლობაში პირველად, სახელოვნებო სკოლები ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა განიხილეს თბილისის კომისიისათვის პრიორიტეტულ სფეროებს მიკუთვნებული საკითხები. როგორიცაა ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პროექტები. საკრებულოს ცნობით, ასევე სხდომაზე განხილული იქნა ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ ფუნქციონირების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები და კომისიაში შემოსული საპროექტო განაცხადები.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მერიის კულტურული საქალაქო სამსახურის და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები.

სხდომის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა შეაჯამა კომისიის მიერ ბოლო ოთხი თვის განმალობაში შესრულებული სამუშაო. მისი თქმით, თბილისის ახალი საკრებულოს მოწვევისთანავე, განათლებისა და კულტურის კომისიამ განსაკუთრებული აქცენტი დასვა დედაქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესწავლაზე და მათი გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავებაზე. ამ მიზნით, კომისიამ 4 თვის განმავლობაში გამართა 22 სხდომა. მათ შორის, შეხვედრები თბილისის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებულ კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიის შესაბამის დარგობრივ კურატორებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობასთან.
ტალიაშვილის თქმით, თითოეული შეხვედრის გამართვამდე, კომისიამ გამოითხოვა კომპლექსური ინფორმაცია აღნიშნულ დაწესებულებებში არსებული სირთულეების შესახებ და სხდომებზე მოწვეული იქნა თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლების რელევანტური წარმომადგენლები.
მისივე თქმით, ახალი მოწვევის საკრებულომ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, რის გამოსწორებასაც სისტემური მიდგომა და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. “ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა შესწავლილი საკითხის გადაწყვეტის გზები, ფინანსური ბერკეტებით ყოფილიყო გამყარებული და შესაბამისად, განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისის მერიას რეკომენდაციით, 2015 წლის ბიუჯეტში ასახა ის პრიორიტეტები, რომლებიც კომისიისა და საკრებულოს მუშაობით გამოიკვეთა. რეკომენდაციათა უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა და შედეგად, ბიუჯეტში აისახა მრავალი პროგრამისა და სტრატეგიის განხორციელებისათვის აუცილებელი პუნქტები”,- განაცხადა სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის #7 ხელოვნების სკოლისთვის იჯარის დაფინანსება. სკოლას ჰქონდა პრობლემები შენობასთან დაკავშირებით და განათლებისა და კულტურის კომისიის ძალისხმევითა და მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოძიებულ იქნა ალტერნატიული ფართი, რომელიც სკოლას 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა.
მომდევნო პროექტი ეხებოდა თბილისის ხელოვნების სკოლების – სულ 33 სკოლა – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (9 ფილიალი) და ა(ა)იპ სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კომუნალური გადასახადების სრულ დაფინანსებას . კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების ხელშეწყობის სფეროშია წარმოდგენლი ითვალისწინებს ა(ა)იპ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ფუნქციონირების ხელშეწყობას. მათ შორის, შრომის ანაზღაურების, კომუნალური ხარჯების, ფესტივალებში მონაწილეობისა და სხვა ხარჯების დაფინანსებას.
თამარ ტალიაშვილის თქმით, წლების მანძილზე პირველად მოხდა დედაქალაქის ბიუჯეტიდან სახელოვნებო სკოლების სრულად დაფინანსება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სახელოვნებო სწავლების. მისივე თქმით პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან 9 ათასი მოსწავლე და სახელოვნებო სკოლების 1700 თანამშრომელი. სხდომაზე ასევე განიხილეს პროექტი რომელიც შეეხებოდა საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის“ ფუნქციონირების ხელშეწყობას – კერძოდ, ბენდის ხელფასების, კომუნალური ხარჯების, სარეკლამო და სხვა მომსახურების, ოფისის ხარჯების, ავეჯისა და ინვენტარის შეძენისა და სხვა ხარჯების დაფინანსებას. მომდევნო პროექტი ითვალისწინებს თბილისის პანთეონების (მთაწმინდა, დიდუბე, ხოჯევანქი) მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციისათვის დაფინანსების გამოყოფას.
დეპუტატებმა კომისიაზე ასევე განიხილეს „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც გულისხმობს პაატა ბურჭულაძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოში თანამონაწილეობას. პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა სპონსორობას გაუწევს სხვა მრავალი ორგანიზაცია და კომპანია. შემდეგი საპროექტო განაცხადის სახელწოდებაა „ქართველ მეფეთა პოეზია“. პროექტი დეტალურად „ქართული ჰერალდიკის სახლის“ – თავმჯდომარემ ასმათ შერვაშიძემ წარმოადგინა. პროექტი ითვალისწინებს წიგნის გამოცემას, რომელშიც შესულია ქართველი ბაგრატოვანი მეფეების (მეფე დემეტრე თავდადებული, მეფე დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, მეფე თეიმურაზ პირველი, მეფე არჩილი, მეფე ვახტანგ VI, მეფე თეიმურაზ II) პოეზიის საუკეთესო ნიმუშები.
ლექსები ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. პროექტის მიზანია ააღორძინოს ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები და ხელმისაწვდომი გახადოს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მკითხველებისთვისაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები