ოფიციალური მადრიდი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას მხარს უჭერს
ესპანეთი თურქეთს ისლამური ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით ეს ე.წ. “უცხოელი მებრძოლების” წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. შესაბამისი განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ჰოსე მანუელ გარსია-მარგალიომ თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან ვოლკან ბოზკიროსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაში თურქეთის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა და დადებითად შეაფასა ის, რომ ქვეყანამ სირიიდან და ერაყიდან ასობით ათასი დევნილი შეიფარა. მინისტრებმა ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის შუა აზიაში და სხვა რეგიონებში ერთობლივი პროექტების განხორციელება.
გარსია-მარგალიომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაადასტურა, რომ ესპანეთი „შესაძლებლობების ფარგლებში ამ ინიციატივის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს“.