აშშ-ში თოვლიანმა შტორმმა ნიუ-იორკის და სხვა ქალაქების პარალიზება მოახდინა (ფოტოკოლაჟი)
ამერიკის შეერთებულ შტატებში თოვლიანმა შტორმმა „ჯუნომ“ ნიუ-იორკის და სხვა ქალაქების პარალიზება მოახდინა, სტიქიის მოქმედების ზონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მეტეოროლოგები 90 სმ თოვლის მოსვლას ელოდებიან, ასევე მათი გათვლებით ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 120 კმ-ს მიაღწიოს. ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, კონეკტიკუტის, როდ-აილენდის, მასაჩუსეტსის და ნიუ-ჰემპშირის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აშშ-ს ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თოვლიანი ქარბუქი, რომელიც თავისი სიმძლავრით შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, ზემოთხსენებულ შტატებს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უახლოვდება. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ მოსახლეობას ავტოტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის შესახებ აუწყა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.