ბაროზუმ აღიარა, რომ უკრაინაში რუსეთთან ომი მიმდინარეობს
უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ევროკომისიის ექსპრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთთან ომი მიმდინარეობს.
“გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან ყველაზე რთული უკრაინაში არსებული კრიზისია. მე ახლა მხოლოდ გაზის ომებზე არ ვსაუბრობ, არამედ ახლანდელ ომზე. დიახ, მე საგნებს თავის სახელებს ვარქმევ – ეს რუსეთთან ომია და ეს ევროკავშირის ცხოვრებაში რთული პერიოდია“, – განაცხადა ბაროზუმ თავისი პრეზიდენტობის ყველაზე რთულ მომენტებზე საუბრისას.
ამასთან, ბაროზუმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი „გულწრფელი იყო“ ევროინტეგრაციისადმი მისწრაფებებში, თუმცა მასზე შესაძლოა მოსკოვიდან ზეწოლა განხორციელდა.
„მე ვფიქრობ, რომ იანუკოვიჩი უბრალოდ მოსკოვის მარიონეტი არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ის რაღაც ხარისხით გულწრფელი იყო, მაგრამ განხორციელებული ზეწოლის გამო, ის რა თქმა უნდა, სუსტ პოზიციაში იმყოფებოდა. მე ვფიქრობ, რომ რუსები ზოგიერთი კუთხით მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, მაგრამ მე არ ვიცი, კონკრეტულად რა ზეწოლა იყო. შეიძლება მხოლოდ ჰიპოტეტური წინადადება წამოვაყენოთ, მაგრამ მე არ მინდა ამის გაკეთება. ერთადერთი რისი თქმაც მინდა, რომ ის გულწრფელი იყო, როდესაც საუბრობდა, რომ უკრაინისთვის როგორც ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესია ევროკავშირთან ახლოს იყოს“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.