იაპონია იორდანიას იაპონელი მძევალის განთავისუფლებაში დახმარებას სთხოვს
მას შემდეგ რაც ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა ხალიფატმა“ განაცხადა, რომ იაპონელ მძევალს სიცოცხლის მხოლოდ 24 საათი აქვს დარჩენილი, იაპონიამ იორდანიის ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ გააკეთა.
„მთავრობამ ამ მეტად რთულ სიტუაციაში იორდანიის ხელისუფლებას კენძი გოტოს განთავისუფლებაში დახმარება სთხოვა“, – განუცხადა ჟურნალისტებს სუგამ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის უმაღლესი ოფიციალური პირები შეიკრიბნენ, რათა ტერორისტების მიერ გავრცელებული იაპონელი მძევალის ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა გაერკვიათ. გავრცელებულ ვიდეოზე „ისლამური ხალიფატის“ მებრძოლების მიერ დატყვევებულ იაპონელ ჟურნალისტს ხელში იორდანიელი პილოტის მააზ კასანბეჰის ფოტო უჭირავს, ხოლო ტერორისტების თქმით, იაპონელი მძევალი 24 საათში მოკვდება.