აშშ-ში რუსეთის „ჯაშუშური ქსელი“ ამხილეს
ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის ფედერალურმა პროკურატურამ „რუსეთის ჯაშუშური ორგანიზაციის“ მხილების შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრები: 39 წლის ევგენი ბურიაკოვი, 40 წლის იგორ სპორიშევი და 27 წლის ვიქტორ პოდობნი იყვნენ. მთავარი პროკურორის ვერსიით, ბურიაკოვი ნიუ-იორკის ერთ-ერთ რუსულ ბანკში, როგორც თანამშრომელი, ისე ინიღბებოდა და რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურისთვის საგამოძიებო სახის ინფორმაციას აგროვებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარი „ვნეშეკონომბანკზეა“, რომელიც „იტარ-ტასის“ ნიუ-იორკის ბიუროს მოპირდაპირე მხარეს, მესამე ავენიუზე მდებარეობს. ბანკის თანამშრომელთა სიაში მისი წარმომადგენლის მოადგილის ევგენი ბურიაკოვის სახელიც ფიგურირებს.
რადგან ოფიციალურად ბურიაკოვი რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ნიუ-იორკის რეზიდენტურაში ვერ მივიდოდა და შეგროვებულ ინფორმაციას ვერ დატოვებდა, მას სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური თანამშრომლები – სპორიშევი და პოდობნი მიამაგრეს.
2010 წლის 22 ნოემბრიდან 2014 წლის 21 ნოემბრამდე სპორიშევი ნიუ-იორკში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი იყო. პოდობნი კი 2012 წლის 13 დეკემბრიდან გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ატაშედ იყო დარეგისტრირებული. სპორიშევმა და პოდობნიმ აშშ-ს ტერიტორია უკვე დატოვეს.
მათ ბურიაკოვთან დანაშაულებრივ მოლაპარაკებაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. სპორიშევისგან და პოდობნისგან განსხვავებით, ბურიაკოვი აშშ-ს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ბურიაკოვს, სპორიშევს და პოდობნის, როგორც 2010 წელს დაკავებულ ანა ჩეპმენს, ბრალად შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ. ბურიაკოვი აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში არ დარეგისტრირდა, როგორც უცხოური აგენტი. ამ შეთქმულებაში კი მას მხარს სპორიშევი და პოდობნი უჭერდნენ.