რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს კრიტიკა დაიმსახურა
დონბასში სიტუაციის დაძაბვის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე მოადგილის, ჯეფრი ფელტმანის განცხადებით, ის, ვინც მარიუპოლში ისვრიდა, სამოქალაქო მოსახლეობას გააზრებულად ესხმოდა თავს და სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით კი, ბრძოლების განახლების პასუხისმგებლობა კიევს აკისრია. ჩურკინმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა კიევმა დონბასის „ძალისმიერი ჩახშობის“ გზა აირჩია.
უკრაინის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რუსეთი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის კონფლიქტის ზონაში სამხედრო ძალას და ტექნიკას აგზავნის. უკრაინის მხარემ მოსკოვს მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა. როგორც უცხოური მედია იუწყება, აშშ-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გაეროში სამანტა პაუერმა სხდომის დროს განაცხადა, რომ რუსეთი „ბოევიკების“ იერიშის გეგმებს მხარს უჭერს.
თავად მოსკოვი კი საკუთარი სამხედრო ძალის არსებობას დონბასში უარყოფს. თუმცა აღიარებს, რომ იქ შესაძლოა,რუსი მოხალისეები იბრძოდნენ.