ზვიად ძიძიგური – ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვე ნაკლი კი არა, ღირსებაა

ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, მთავარია მინისტრმა კრიმინალთან ბრძოლას თავი გაართვას და კრიმინალთან ბრძოლის მაღალი სტანდარტი შეინარჩუნოს. რაც შეეხება უმცირესობის კრიტიკას, რომ ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის უშუალო კადრია, ზვიად ძიძიგური ოპონენტებს პასუხობს და აცხადებს, რომ ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს, რადგან თავადაც ბიძინა ივანიშვილის კადრია და ყოფილ პრემიერთან სიახლოვე ღირსება უფროა, ვიდრე ნაკლი.
ვახტანგ გომელაური ძალიან წესიერი, პრინციპული და კვალიფიციური ადამიანია და მივესალმები მის დანიშვნას შინაგან საქმეთა მინისტრად. კრიმინალი ჩვენთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ქვეყნის მოსახლეობისთვის კრიმინალი შემაწუხებელი არ უნდა იყოს. ეს, ძირითადად, მიღწეულია და ამ სტანდარტის შენარჩუნება აუცილებელია.
მეც ივანიშვილის კადრი ვარ, თავის დროზე მან გამიწია რეკომენდაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან და ამიტომ ვარ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვე ნაკლი კი არა, დამატებითი არგუმენტია ბატონი ვახტანგისთვის, რომ ნამდვილად უნდა გამხდარიყო შინაგან საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები