„ვახტან გომელაურს კარგად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც თან ახლავს აღნიშნულ პოსტს”
ვახტანგ გომელაური გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებით, საქმისადმი უანგარობით, ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ – მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ვახტან გომელაურს კარგად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც თან ახლავს აღნიშნულ პოსტს.
“საქართველოს მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური. რომელიც დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ. ბატონი ვახტანგ გომელაური გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით საქმისადმი, ქვეყნისადმი ერთგულებითა და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა. მას კარგად აქვს გააზრებული ის სიმძიმე, რომელიც თან ახლავს ამ თანამდებობას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო, მაგრამ ეს სამინისტრო მისთვის ახალი არ არის. ბატონი ვახტანგი 2 წლის განმავლობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მანამდე, წლების განმავლობაში ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი მოლოდინები, ხალხის მოლოდინები გაამართლოს და იყოს წარმატებული მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური დღეს წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს 23 იანვარს მიმართა.
“მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – აცხადებდა 23 იანვარს ჭიკაიძე.