სასწრაფოდ: შსს-მ ე.წ მაზავშიკების ჯგუფის წევრები დააკავა

   შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. მაზავშიკები: ვასილ ლ, მამუკა კ, ბუბა ბ, ნუგზარ დ, გიორგი ჯ, გრიგოლ ლ. და ლუკა მ. თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საშუალებით, სპორტული თამაშების შედეგებთან დაკავშირებით უკანონო ფსონებს იღებდნენ. მოთამაშეები წაგებული თანხის გადასახდელად და სოლიდური თანხების შესაგროვებლად სხვადასხვა სახის დანაშაულს, კერძოდ, ქურდობას, ძარცვას და ყაჩაღობას სჩადიოდნენ, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ აღკვეთეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოთამაშეები წაგებული ფულის სანაცვლოდ გადასცემდნენ, ან ალომბარდებდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას ბინებისა და ავტომანქანების სახით. წაგებული ფულის დაგვიანების შემთხვევაში, მოთამაშეებსა და ბრალდებულებს შორის იმართებოდა სისხლიანი გარჩევები, ხოლო რიგ შემთხვევაში, ეს გარჩევები თვითმკვლელობით მთავრდებოდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ლ, მამუკა კ. და ბუბა ბ. წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი. გამოძიება რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები