ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება

ლიტვისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს – ალიანსში გაწევრიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ლიტვასა და საქართველოს შორის გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა, სამაგალითოა არსებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.
“ლიტვა საქართველოს სამაგალითო მეგობარია. განსაკუთრებით დასაფასებელია ის ურყევი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან მიმართებით და ამისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებს. ხვალ ხელს მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსა და ლიტვის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და დავგეგმეთ უახლოეს მომავალში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ჩატარება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსა და ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თითქმის გაორმაგდა ლიტველი ტურისტების რიცხვი საქართველოში. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამას ხელი შეუწყო, მათ შორის, პირდაპირმა რეისებმაც ქუთაისსა და ვილნიუსს შორის, რომლებიც გასული წლის მარტიდან დაიწყო.
“ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, როგორც აღნიშნული მზარდი დინამიკის შენარჩუნება, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის იმ ნიშნულამდე აყვანა, რომელიც ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს შეესაბამება. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ლიტვას მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ევროზონაში გაერთიანება. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელებაც ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას”, – განცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები