ლია ლიქოკელთან შეხვედრა გაიმართება

„თი-ბი-სი“ ბანკი და მწერალთა სახლი ერთობლივ პროექტს „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“ აგრძელებს. 28 იანვარს, 18.30 საათზე, მწერალთა სახლში ამ პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ლია ლიქოკელთან გაიმართება.
ლია ლიქოკელის პოეტური კრებული „დევის ცოლის სიცილი“ 2014 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა, წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში. ლია ლიქოკელი განათლებით კინორეჟისორია. მისი სადებიუტო წიგნი „დევის ცოლის სიცილი“ 2013 წელს გამოსცა გამომცემლობა „საუნჯემ“. ლიამ მონაწილეობა მიიღო ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ ფესტივალში „ინსომნია“, მისი მოთხრობა შესულია საფესტივალო კრებულში. აგრეთვე მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსში „წერო“, სადაც ჟიურისა და კულტურის სამინისტროს რჩეული გახდა. შეხვედრას მოდერირებას გაუწევს პოეტი მარიამ წიკლაური. წელს ეს პირველი შეხვედრა იქნება ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“.
პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები შეხვდებიან ლიტერატურული პრემია „საბას“ 2014 გამარჯვებულებს. მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც, და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია. ყოველი შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, ღია დისკუსიით, ბევრი კითხვითა და საზოგადოებისათვის საინტერესო აქცენტებით ლიტერატურის და ლიტერატურული პროცესების შესახებ ჩვენში და უცხოეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები