“იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა“

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სოფელ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქოს პანაშვიდზე განაცხადა.
„ვუსამძიმრებ ვაზაგაშვილების ოჯახს. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია. მე ვთვლი, რომ ხელისუფლებისთვის ორი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ასეთი გამოწვევა არ გვქონია. დროულად უნდა იქნას გამოძიებული საქმე და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი საქმის გამოძიების მიმდინარეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოებს ნდობას უცხადებს.
„ჩემს ხელთ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ვენდობი გამოძიებას და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამ შემთხვევაში უფრო ოპერატიული და ეფექტური იქნება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
იური ვაზაგაშვილს შვილების გვერდით კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ. ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სოფელ ყარაფილაში გუშინ გადაასვენეს. სამებაში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები