გურამ ადამაშვილი: კიევში ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია დაიგეგმა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, 2014 წლის დეკემბერში სააკაშვილმა კიევის მახლობლად შეხვედრა გამართა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია დაიგეგმა.
„სანდო წყაროზე დაყრდნობით მაქვს ინფორმაცია, რომ 2014 წლის დეკემბერში სააკაშვილმა კიევის მახლობლად გამართა შეხვედრა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია დაიგეგმა. ისინი აუცილებლად გამოიყნებენ ე.წ. უკრაინულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ამ ბრძოლაში. ამ შეხვედრებზე უნგრეთიდან იყო ჩასული ზურაბ ადეიშვილი, საქართველოდან კი – გიორგი ბარამიძე. მათ საქართველოში დაბრუნება აქვთ განზრახული. ისინი პოზიციებს იმაგრებენ უკრაინაში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გარეშე ქვეყანაში ვერ დაბრუნდებიან“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მოქმედებათა განხორციელების შტაბი შექმნა, რომლის მიზანი, „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
„მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. „ნაციონალურ მოძრაობას“ კიევში ოფისი აქვს დაქირავებული. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში ახალი ოფისები აქვთ გახსნილი“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
ორგანიზაცია „პოზიცია” სამართალდამცავებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
უფლებადამცველმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზეც ისაუბრა და აღნიშნულ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ტერაქტი უწოდა.
„იური ვაზაგაშვილის ტერაქტი აღნიშნული შეთქმულების ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომელიც სრულყოფაში მოიყვანეს, მათ ასევე დაგეგმეს საქართველოში სიტუაციის არევა“, – განაცხადა ადამაშვილმა.