30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია 26 იანვარს აქციას – „არა ნაცტერორიზმს“ გამართავს
30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია 26 იანვარს აქციას – „არა ნაცტერორიზმს“ გამართავს. აქციის ორგანიზატორებმა დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია დღეს „პირველ პრესკლუბში“ გააცნეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები 26 იანვარს, 13:30 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობამდე მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ. ორგანიზატორების განმარტებით, აქცია იქნება აპოლიტიკური და ის იქნება სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც მათი თქმით, „ნაციონალურიმა მოძრაობამ“ შექმნა.
„არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ტერაქტის გამო, რაც იური ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელდა. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ” იმსხვერპლა იური ვაზაგაშვილის შვილი. გარდაცვლილის ოჯახს პატივს ვცემთ, ამიტომ მის დაკრძალვას დაველოდებით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვხატავთ პროტესტს. აქცია სახელწოდებით – „არა ნაცტერორიზმს“ მშვიდობიანი იქნება. მოვითხოვთ, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“. დაგეგმილ აქციაში 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ჩართული. ამასთან მოქალაქეებს მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ ამ მშვიდობიან აქციაში“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ამავე პრესკონფერენციაზე „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული აქტი საზოგადოების დაშინებას ემსახურებოდა.
„პროტესტი გვაქვს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, არამედ მათი მხრიდან შიშის ფაქტორის დანერგვის მცდელობის გამოც. სწორედ ამის გასაპროტესტებლად გვინდა შევიკრიბოთ ფილარმონიასთან“, – განაცხადა სადღობელაშვილმა.
„ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენელმა ზურა ქადაგიძემ აღნიშნა, რომ რაც 20 იანვარს მოხდა, არის საბოტაჟის მცდელობა.
„ვუერთდებით ამ აქციას იმიტომ, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს. თუ სამართალმა არ იზეიმა, მშვიდობა არ იქნება“, – აღნიშნა ქადაგიძემ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ წარმომადგენელმა გურამ ადამაშვილმა სამართალდამცველებს მომხდარის დროულად გამოძიებისკენ, საზოგადოებას კი აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
როგორც ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, აქციის დროს ავტომობილების მოძრაობა არ შეფერხდება და მსვლელობა ტროტუარზე მოხდება. აქედან გამომდინარე, ისინი მერიისგან სანქციის მოთხოვნას საჭიროდ არ მიიჩნევენ.