ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარით გაიზარდა
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას ინფორმაციით, ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ცენტრალური დაფინასებისა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვით 21 მილიონით გაიზარდა.
როგორც მურღულიამ ბრიფინგზე განაცხადა, გაზრდილი თანხები, ძირითადად, სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას, ასევე, ქალაქის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” დაფინანსებას, მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამის ზრდასა და მიუსაფარი ადამიანებისათვის საბინაო ფონდის შექმნას მოხმარდება.
„ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისისთვის 15 მილიონი ლარი გამოყო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ რაოდენობის თანხა პირველად ამოეყო ქალაქის მერიას. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას და გუბერნიას, რომელიც აქტიურად იყო ამ საქმეში ჩართული”, – განაცხადა ქუთაისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლებიდან გამოყოფილი 830 000 ლარით დაფინანსდა ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო”. ასევე 300 000 გამოიყო მიუსაფარი ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად; ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქს საბინაო ფონდისთვის დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები გადასცა.