„მივესალმები, რომ მინისტრმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო“
„ჭიკაიძეს საქმიანობისას საკმაოდ წარმატებული მოქმედებები ჰქონდა. ამის მიუხედავად, მან რეალურად შეაფასა ყველაფერი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გენერალმა, სამხედრო ექსპერტმა კობა კობალაძემ გააკეთა.
რაც შეეხება ჭიკაიძის მხრიდან დამნაშავეთა მფარველობის საკითხს, კობალაძის განცხადებით, საზოგადოება რეალური შეფასების ნაცვლად ჭორებს არის აყოლილი.
„მე მივესალმები იმას, რომ ახალგაზრდა კაცმა მთელი რიგი სიმძიმეებიდან გამომდინარე, ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჭიკაიძეს საქმიანობისას საკმაოდ წარმატებული მოქმედებები ჰქონდა, ამ კაცმა რეალურად შეაფასა ყველაფერი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, რითაც, რა თქმა უნდა, ღირსებისა და საზოგადოების მიმართ თავისი პასუხისმგებლობის საკითხი უფრო წინ წამოწია, ვიდრე ის ხიბლი, რომ თანამდებობაზე ყოფილიყო. რაც შეეხება ჭიკაიძის მხრიდან დამნაშავეთა მფარველობის საკითხს, გეტყვით, რომ საზოგადოება რეალური შეფასების ნაცვლად უფრო ჭორებს არის აყოლილი. ეს არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებაში უიმედობის განცდის გაჩენას. მე მას წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა კობა კობალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართა. ჭიკაიძის მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.