საქართველოს საგარეო უწყება: სტამბოლში საქართველოს კონსულმა პროტესტი უკვე დააფიქსირა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სტამბოლში, ტურისტულ გამოფენა “Emitt Istanbul-2015″-ში მონაწილეობს. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოფენაზე ერთ-ერთ კერძო კომპანიას ნაქირავები აქვს სივრცე, სადაც წარმოდგენილი აქვს აფხაზეთის ტურისტული პოტენციალი.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა პროტესტი უკვე დააფიქსირა და ხვალ თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან შეხვედრები გაიმართება.
„22 იანვარს სტამბოლში გაიხსნა გამოფენა „eastern meditteranean international tourism and travel exhibition” , ორგანიზატორი გახლავთ სტამბოლის მერია და თურქეთის კულტურის სამინიტრო. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. გამოფენას ესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. გამოფენაზე მონაწილე ქვეყნებს სპეციალურ დარბაზში დათმობილი აქვთ ოფიციალური სტენდი და მათ შორის არის საქართველო. ამ დარბაზში არ არის აფხაზეთი.
გამოფენას აქვს სხვადასხვა სივრცეები, კერძოდ ცალკეულ დარბაზებში წარმოდგენილი არიან კერძო ტურისტული კომპანიები და მანქანის გაქირავების კომპანიები. ერთ-ერთ ასეთ კერძო კომპანიას ნაქირავები აქვს ადგილი და მასზე წარმოდგენილი აქვს აფხაზეთის ტურისტული პოტენციალი. ანუ ეს არის კერძო კომპანიის ინიციატივა.
ამ ფაქტის დაფიქსირებისთანავე, სტამბოლში ჩვენმა გენერალურმა კონსულმა ადგილზე დააფიქსირა პროტესტი. ხვალ მოხდება შეხვედრები თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირთება საქართველოს პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ „აპსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია თურქეთში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. დელეგაცია „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ხელმძღვანელის გენადი გაგულიას მეთაურობით, სტამბოლში იმყოფება, სადაც ყოველწლიური გამოფენა “Emitt Istanbul-2015″ იმართება.
აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამოფენაში მონაწილეობას თურქულ პარტნიორ კომპანია “Akmis”-თან ერთად იღებს. აფხაზეთს წარმოდგენილი აქვს ალკოჰოლური და საკვები პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის ღვინო, კონიაკი, თაფლი, მშრალი ხილი, შებოლილი ხორცეული, ყველი და სხვ.