აფხაზეთი თურქეთში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
აფხაზეთის დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია თურქეთში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „აპსნიპრესი“ ავრცელებს. დელეგაცია „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ხელმძღვანელის გენადი გაგულიას მეთაურობით, სტამბოლში იმყოფება, სადაც ყოველწლიური გამოფენა “Emitt Istanbul-2015” იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი თურქეთის კულტურის სამინისტროა.
აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამოფენაში მონაწილეობას იღებს თურქულ პარტნიორ კომპანია “Akmis”-თან ერთად. აფხაზეთს წარმოდგენილი აქვს ალკოჰოლური და საკვები პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის ღვინო, კონიაკი, თაფლი, მშრალი ხილი, შებოლილი ხორცეული, ყველი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ წელს, დეფაქტო აფხაზეთის გარდა, კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ყირიმიც. ღონისძიებას ესწრებიან აზერბაიჯანის, არგენტინის, პერუს, რუსეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია. „კვირა“ კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. საკითხთან დაკავშირებით უწყება კომენტარის გაკეთებას გეგმავს.
გამოფენა 25 იანვრამდე გაგრძელდება.