„სად მოიხდის სასჯელს მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული, ირანში გამოტანილი განაჩენის შემდეგ გაირკვევა“
სად მოიხდის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული ირანის მოქალაქე სასჯელს, ირანში გამოტანილი განაჩენის შემდეგ გაირკვევა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი ირანულმა პოლიციამ ასევე სასტიკი დანაშაულისთვის, ბავშვის მკვლელობისთვის დააკავა.
„მოცემული პირი არ არის ეჭვმიტანილი. ის არის დამნაშავედ ცნობილი. ქართული სასამართლოს მიერ 2013 წლის დეკემბერში დადგენილია, რომ მან განზრახი მკვლელობა ჩაიდინა. განაჩენი დამდგარია ქართული სასამართლოს მიერ და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა. ჩვენთვის და ასევე ოჯახისთვის სასიხარულო ფაქტია, რომ ამ პიროვნების დაკავება მოხდა ირანში. როგორც ჩანს, ფაქტი დადასტურებას საჭიროებს და პროკურატურა თეირანის პოლიციასთან და ინტერპოლთან მუდმივ კონტაქტზეა, რომ ეს ფაქტი დადასტურდეს.
ვარაუდი გვაქვს, რომ არანაკლებ სასტიკ მკვლელობაზე, ბავშვის მკვლელობაზეა დაკავებული. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ ვალდებული ვიქნებით იქაურ განაჩენს დაველოდოთ, რათა შემდგომ გადაწყდეს ეს ადამიანი ორივე დანაშაულისთვის სასჯელს ირანში მოიხდის თუ საქართველოში”, – განაცხადა წულუკიანმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ირანელი მოქალაქე დააკავეს. ირანული პრესის ინფორმაციით, ბრალდებული 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ. დაკავებული ასევე ეჭვიმტანილია 8 წლის ირანელი ბავშვის მკვლელობაში.
მის დასაკავებლად შს სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან აწარმოებს. ირანში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ცნობა ჯერ არ მიუღია.