პროკურატურა პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება
პროკურატურა ბათუმში, იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას ეხმაურება. საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, მსჯავრდებული გიორგი პაპიძე სასჯელს სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე იხდის.
„მან განმეორებითი დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა. პაპიძეს გამოძიება საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანის ქურდობის ფაქტს ედავებოდა, სასამართლომ იგი წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ბათუმში, იუსტიციის სახლთან პატიმრობაში მყოფი გიორგი პაპიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გიორგი პაპიძეს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ.
პაპიძეს ჯგუფურ ქურდობაში ედება ბრალი. შემთხვევა გასულ წელს მოხდა. მასთან ერთად დაკავებული ორი პირი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს, პაპიძეს კი 4 წელი მიუსაჯეს.