ბერლინის საერთაშორისო “მწვანე კვირეულზე” ე.წ. აფხაზური კუთხე დაიხურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის საერთაშორისო “მწვანე კვირეულზე” ე.წ. აფხაზური კუთხე დაიხურება.
ამასთან დაკავშირებით საგარეო უწყება “მწვანე კვირეულის” ხელმძღვანელის ლარს იეგერის განცხადებას ავრცელებს.
“ნება მიბოძეთ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ საერთაშორისო “მწვანე კვირეულზე” ასეთი გაუგებრობა მოხდა. ჩვენ, როგორც ნეიტრალურმა პლატფორმამ, აფხაზეთის რეგიონს სტენდი დავუთმეთ და ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, რომ ყველა რეგიონს მივცეთ პრეზენტაციის საშუალება. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და საქართველოს ელჩს და გავათვითცნობიერეთ, რომ სკანდალი გამოვიწვიეთ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ზუსტად არის ცნობილი, რომ აფხაზეთი საქართველოს ეკუთვნის. მომავლისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ საქართველო ერთიანი დიდი სტენდით წარმოვადგინოთ და მისი ყველა რეგიონის გაერთიანება იყოს შესაძლებელი. ჩვენ 2015 წლის პრობლემის მოგვარებასაც შევეცდებით. ამისათვის, ხვალინდელი დღისათვის უკვე დაგეგმილი გავქვს საუბრების წარმართვა. მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენდა – ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ მინდა, ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა – ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა, მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება, „მწვანე კვირეულის“ განწყობა კვალავ მშვიდობიანია და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ”, – აცხადებს იეგერი.
16-25 იანვარს გერმანიაში, ბერლინში იმართება სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა “მწვანე კვირეული”, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ღონსიძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ესწრება.
ამასთან, როგორც აღმოჩნდა, გამოფენაში პირველად ოკუპირებული აფხაზეთიც მონაწილეობს. აფხაზეთს გამოფენაზე ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები