ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მეკავშირეობის შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან

რუსეთთან მეკავშირეობის შეთანხმების ვარიანტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეროვნული უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესებს არ პასუხობს. ამის შესახებ პარტია „ედინაია ოსეტია“-ს განცხადებაშია ნათქვამი, – წერს სააგენტო „ოსინფორმი“.
ცნობისთვის, შეთანხმების აღნიშნული ვარიანტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დავით სანაკოევმა მოამზადა. „საქმე 2008 წლის მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ საბაზო შეთანხმების თვითნებურ გადაწყობასთან გვაქვს“, – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, „ედინაია ოსეტიას“ წარმომადგენლების მოსაზრებით, სანაკოევის ვარიანტი ზედაპირული ხასიათისაა და არ გულისხმობს რუსულ-ოსური ურთიერთობების ინტეგრაციის ახალ საფეხურზე გადასვლას. ამასთან, განცხადების თანახმად, ამ პროექტის მედიაში გავრცელება „სახელმწიფოს ლიდერის და პოლიტსაბჭოს სხვა წევრების თანხმობის გარეშე არაკორექტული საქციელია“.
„ედინაია ოსეტიაში“ არ გამორიცხავენ, რომ საუბარია პოლიტსაბჭოს სხვა წევრებზე საინფორმაციო ზეწოლის მცდელობაზე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს უფრო ინტეგრაციული დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ოსი ხალხის უსაფრთხო მომავალს უზრუნველყოფს. „იძულებულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ პროექტის მოცემული ვარიანტი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებული არ არის და, შესაბამისად, რატიფიცირებული არ იქნება. თუ კი მომავალში საგარეო საქმეთა მინისტრი განაგრძობს საკუთარი ვარიანტის წინ წამოწევას, საპარლამენტო უმრავლესობა უფლებას იტოვებს, მინისტრს უნდობლობა გამოუცხადოს. შეთანხმების მაქსიმალურად ინტეგრაციული პროექტის დამუშავების მიზნით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რესპუბლიკის ყველა პოლიტიკურ ძალას თანამშროლმობისკენ“,  – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია „ფიდიბასტას“ ლიდერის ვიაჩესლავ გობოზოვის განცხადებით კი, შეთანხმების მთავარი მიზანი ამ დროისთვის არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, არამედ საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ე.წ. საზღვრის გამყარება და აღჭურვილობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები