„მწვანე კვირეულის“ორგანიზატორებმა გამოფენაში აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში აფხაზეთის რეგიონის მონაწილეობის გამო „მწვანე კვირეულის“ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორები საქართველოს სტენდს ეწვივნენ, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს გერმანიაში, ლადო ჭანტურიას და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს ნოდარ კერესელიძეს შეხვდნენ. გამოფენის ორგანიზატორმა ლარს იეგერმა შექმნილი უხერხულობის გამო ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა.
„მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენს – ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ მინდა ძლიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა – ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა, მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება. ასე, რომ „მწვანე კვირეულის“ განწყობა კვალავ მშვიდობიანია და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ“,- განაცხადა ლარს იეგერმა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ კერძო კომპანიამ გამოფენის სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია და გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთი საკუთარი სტენდით მონაწილეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტომასალა გავრცელდა. გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ განმარტება გააკეთეს.
როგორც “კვირას“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოფენაზე აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით არ არის წარმოდგენილი. მათი ცნობით, გერმანიის დედაქალაქში მიმდინარე გამოფენაზე აფხაზეთის სახელით სტენდი, სავარაუდოდ, დამოუკიდებელმა კომპანიამ, ან ინდივიდუალურმა მეწარმემ წარადგინა.10937546_336963169843206_1815819017_n
16-25 იანვარს გერმანიაში,ბერლინში იმართება სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა “მწვანე კვირეულს” ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები