“ჩვენ წარმატებულ ისტორიას ვქმნით“

  ჩვენ წარმატებულ ისტორიას ვქმნით და ეს ჩვენს რეგიონში ზოგიერთს აღაფრთოვანებს, სხვებში კი შეშფოთებას იწვევს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენების ფონზე, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ გარკვეული საგარეო ზეწოლა დამანგრეველია არა მხოლოდ რეგიონალური სტაბილურობის კუთხით, არამედ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას არსებობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისითაც.
“ჩვენ წარმატებულ ისტორიას ვქმნით და ეს ჩვენს რეგიონში ზოგიერთს აღაფრთოვანებს, სხვებში კი შეშფოთებას იწვევს. უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ გარკვეული საგარეო ზეწოლა დამანგრეველია არა მხოლოდ რეგიონალური სტაბილურობის კუთხით, არამედ ასევე ჩვენი ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას არსებობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისითაც. ჩვენ გადაჭრით ვგმობთ თავისუფალი სიტყვის დასამორჩილებლად გადამეტებული ძალის გამოყენებას, რაც სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიასთან, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებთან.
ჩვენ ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელი ხალხის სწრაფვას ევროპული ქვეყნის შენებისკენ. აშკარაა, რომ სანამ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს არ მისცემს წევრობასთან დაკავშირებულ მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავაც და კვლავაც მოხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ასოცირების შეთანხმების ჩაშლაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მკაფიო გზავნილი უნდა მიაწოდოს რეგიონის დიდ და პატარა ქვეყნებს, გზავნილი, რომელიც გაამყარებს მოსაზრებას, რომ არც ერთ მესამე მხარეს არ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს რეგიონალური ქვეყნების იმ მისწრაფებებზე, რომლებიც მიმართულია დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემებს ან უცხოურ ალიანსებს შორის არჩევანის გაკეთებისაკენ. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისათვის ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპზე, დასავლეთმა და, უპირველეს ყოვლისა, აშშ-მ უნდა გააცნობიეროს, რომ საგარეო პოლიტიკაში არსებულ ღირებულებებზე უარის თქმა შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ არა მარტო საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს, არამედ ასევე მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოს ექნება ჯეროვანი მხარდაჭერა და დაფასება იმ წინსვლისათვის, რომელიც მან შეძლო და რომელსაც, უხეში საგარეო წნეხის მიუხედავად, მიაღწია “.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები