კოლუმბიელებმა 36 ჯარისკაცი მძევლად აიყვანეს
კოლუმბიის დეპარტამენტ კაუკას მოსახლეობამ მძევლად 36 სამხედრო აიყვანა. ჯარისკაცების დატყვევება მას შემდეგ მოხდა, რაც სამხედრო საგუშაგოზე მამაკაცს ესროლეს. მას შემდეგ, რაც კოლუმბიელებმა გაიგეს, რომ მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ქალაქ ელ-პლატეადოს მოსახლეობა სამხედრო ბაზასთან მივიდა და სამხედროების ჯგუფი ალყაში მოაქცია. მოსახლეობის განცხადებით, სამხედროებს იქამდე არ გაათავისუფლებენ, სანამ მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები სამხედრო საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას არ ჩაატარებენ. ცნობილია, რომ მძევლად აყვანილი სამხედროები სპორტულ ცენტრში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობდა, სამხედრო საგუშაგოსთან გაჩერებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს და დაჭრეს მამაკაცი. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.