„იზვესტია“: ნიდერლანდები რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებას გაუუქმებენ

პარლამენტარები ნიდერლანდების მხრიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების გაუქმების წინადადებით გამოდიან. გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, მათ შესაბამისი რეზოლუცია მოამზადეს. როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდების წარმომადგენლები რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ნაწილობრივ ან სრულ გაუქმებას ითხოვენ. რუსეთის წარმომადგენლები საკუთარ უფლებებს ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე დაიცავენ. ასამბლეის წესდების შესაბამისად, ზამთრის სესიის პირველ დღეს ყველა დელეგაციის, რომელთაც სანქციები შეეხო, უფლებამოსილება ავტომატურად  აღდგება.
დუმას საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი ხელმძღვანელი, სიტუაციაში გასარკვევად და შემდგომში რუსეთის დელეგაციის ბედის გადასაწყვეტად, ამჟამად კიევში იმყოფება. „მაგრამ უკრაინელები რუსეთის უფლებების ნაწილობრივ აღდგენასაც კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. როგორც საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი, ვფიქრობ, რომ უფლებებს არ აღგვიდგენენ“, – განაცხადა კალაშნიკოვმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დელეგაციას ყველა უფლებამოსილებას არ გაუუქმებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები