დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოებში ბოლო სამ დღეში 60 დაჭრილი მოათავსეს
დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოებში 15–17 იანვარს ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში დაჭრილი 60 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპარტამენტის მონაცემებით, 15 იანვარს დნეპროპეტროვსკის სამედიციო დაწესებულებებში ATO–ს ზონაში დაჭრილი – 17 მეომარი, 16 იანვარს – 1, ხოლო 17 იანვარს – 42 მეომარი მოათავსეს.
უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, 26 დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მეჩნიკოვის სახელობის საავადმყოფოში, 19 დაჭრილი მეომარი – სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო დანარჩენები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ.
მეჩნიკოვის სახელობის საოლქო საავადმყოფოს მთავარი ექიმის სერგეი რიჟენკოს თქმით, ყველა მეომარს ჭრილობები ჭურვების ნამსხვრევით აქვს მიყენებული.
ჯანდაცვის დეპარტამენტის გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დახმარება ყველა დაშავებულს გაეწია.