რუსეთმა მინსკის შეთანხმება გაიხსენა: უკრაინამ აეროპორტი ბოევიკებს უნდა გადასცეს
მინსკის შეთანხმების თანახმად, უკრაინამ დონეცკის აეროპორტი ბოევიკებს უნდა გადასცეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი ძალოვანების მხრიდან სროლის შედეგად მშვიდობიანი მაცხოვრებლები იღუპებიან.
„მინსკის შეთანხმების თანახმად ქალაქ დონეცკის აეროპორტი აჯანყებულებს უნდა გადაეცეს. ამ საკითხის გადაწყვეტა მხარეებს შორის სხვადასხვა საკითხებზე უთანხმოების გამო დიდხანს ვერ ხდებოდა. ამ დროს უკრაინელი ძალოვანები დონეცკის აეროპორტის შენობიდან და სხვა დასახლებული პუქტებიდან აგრძელებდნენ სროლებს, რის შედეგადაც ქალების და ბავშვების ჩათვლით მშვიდობიანი მაცხოვრებლები იღუპებოდნენ; სკოლები, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ინგრეოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოროშენკოსადმი პუტინის მიმართვაც გაავრცელა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი მძიმე შეიარაღების გაწვევას მოითხოვს. ეს მოთხოვნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ბოევიკების შეუწყვეტელი თავდასხმების ფონზე გაკეთდა, რომელთა ინტენსიურობაც ხშირად დღე–ღამეში ასეულს აღწევს.
წყარო: “უნიანი”