ვოლნოვახში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მარში გაიმართა
უკრაინის დედაქალაქ კიევში, შევჩენკოს პარკიდან დამოუკიდებლობის მოედნამდე, ვოლნოვახში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მარში გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მარშში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც ვოლნოვახში რამდენიმე დღის წინ, სეპარატისტების მიერ სამგზავრო ავტობუსის მიმართულებით ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
მიტინგზე ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი იმყოფებოდნენ. სამღვდელოებამ გარდაცვლილთა სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გადაიხადა. პოროშენკომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინელები მშობლიური მიწის არც ერთ გოჯს არ დათმობენ.
“ჩვენთან არის მთელი ცივილური მსოფლიო, ამიტომ გამარჯვება იქნება. დონბასს ავაღორძინებთ, დამპყრობელს კი უკრაინის ტერიტორიიდან გავაგდებთ. ვოლნოვახში 13 ადამიანის მკვლელობა უკრაინის დასაშინებლად განხორციელდა. როგორც ჩანს, მათ სურთ უკრაინა მიაჩვიონ მსხვერპლის რიცხვის დათვლას, მაგრამ არ გვეშინია და ვერ დაგვაშინებენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მიტინგზე გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ დონეცკში, ვოლნოვახთან “ბოევიკებმა” სამგზავრო ავტობუსს საარტილერო ჭურვი ესროლეს, რის შედეგაც 13 ადამიანი დაიღუპა, 15-ზე მეტი კი დაიჭრა.