აფხაზური კუთხე ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე – რას აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთი საკუთარი სტენდით მონაწილეობს. ამაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტომასალა მეტყველებს. გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებას აკეთებენ.
როგორც “კვირას“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოფენაზე აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით არ არის წარმოდგენილი. მათი ცნობით, გერმანიის დედაქალაქში მიმდინარე გამოფენაზე აფხაზეთის სახელით სტენდი სავარაუდოდ, დამოუკიდებელმა კომპანიამ, ან ინდივიდუალურმა მეწარმემ წარადგინა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მიზნით გამოფენის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო “მწვანე კვირეულში“ არ მონაწილეობს. იყო მცდელობა, რომ მათ თავი როგორც მონაწილეს ისე დაერეგისტრირებინათ. ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ, დავუკავშირდით როგორც ორგანიზატორებს, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისინი ამ სიაში “მწვანე კვირეულის“ გახსნის დღიდან არ არიან. შესაძლოა, სტენდი ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს აფხაზეთის ოფიციალურ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. იქ არის ორი სია – ერთი ფესტივალში მონაწილე სახელმწიფოების სია, მეორე კი კონკრეტული ორგანიზაციების სია. არცერთი აფხაზური საწარმო იქ არ ფიგურირებს“, – აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია.
გერმანიაში ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა “მწვანე კვირეული 2015”-ს (Gruene Woche 2015) სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც ესწრება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი და ქართული სამზარეულო – დამზადდება ქართული ტრადიციული კერძები ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.შ.
Gruene Woche 2015-ზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქცია: “ქიმერიონი”, “ჩელთი”, “ტიბანელი”, “ბადაგონი”, “მილდიანი”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “შუხმან ვაინსი”, “კახური”, “ლომისი”, “კულა”, “ლივო”, “გეოჰაუსი”, “მაკოვსკი რუსა”. გამოფენაში ასევე მონაწილეობენ ტურისტული კომპანია “Like Georgia” და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენაზე Gruene Woche მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა, ხოლო ვიზიტორების რიცხვი 400 000-ს აღემატება და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

gruenewoche.de

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები