დავით ჯალაღანია: ის, რაც გიუმრიში მოხდა, შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის ქალაქ გიუმრიში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას მიაჩნია, რომ ის, რაც გიუმრიში მოხდა, შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი იყო.
როგორც დავით ჯალაღანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შოკისმომგვრელია ფაქტი, რომელიც უკავშირდება რუსეთის შეიარღებული ძალების 102-ე ბაზიდან გაქცეული სამხედროს მიერ ავეტისიანების ოჯახის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ, ძალზე ცინიკურ ქმედებას, რომელმაც ერთი ოჯახის 6 წევრი იმსხვერპლა.
“ნამდვილად, 21-ე საუკუნეში ბევრი ტრაგიკული ამბავი მომხდარა, მაგრამ ჩვენ მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია თავისი სისასტიკით ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ჩვენ ასევე გვინდა გვჯეროდეს, რომ დამნაშავე იქნება პასუხისგებაში მიცემული და შესაბამისი სამართლებრივი ზომები განხორციელდება. დარწმუნებული ვართ და გვინდა გვჯეროდეს, რომ სამართალი, მართალმსაჯულება იზეიმებს და დამნაშავე შესაბამისად, საკადრისად დაისჯება”, – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები