ენერგეტიკის სამინისტრო “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური გარანტიების წარმოდგენას მოითხოვს

ენერგეტიკის სამინისტრო “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური გარანტიების წარმოდგენას მოითხოვს. როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს იცოდეს, ვინ ააშენებს ასეთ სტრატეგიულ ობიექტს, შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტრომ “ტრანს ელექტრიკას“ მოსთხოვა, გაესაჯაროებინა დამფუძნებელთა ვინაობა და წარმოედგინა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური გარანტიები.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
“ჩვენ უკვე დავუკავშირდით “ტრანს ელექტრიკას“ ხელმძღვანელობას. იცით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები აღნიშნული კომპანიის წარმომავლობასთან და დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს იცოდეს, ვინ ააშენებს ასეთ სტრატეგიულ ობიექტს. ამიტომ ენერგეტიკის სამინისტრომ “ტრანს ელექტრიკას” მოსთხოვა, გაესაჯაროებინა დამფუძნებელთა ვინაობა და წარმოედგინა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური გარანტიები. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება და ჩვენ ველოდებით კომპანიისგან შემხვედრ ნაბიჯებს. ინვესტორს ჯერ არ აქვს მოპოვებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების დადებითი დასკვნა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მშენებლობის ნებართვა. თუმცა უახლოეს მომავალში, მე მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ იმ კვირაში შევხდებით კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩამოდიან ინდოეთიდან და შესაბამისად, შეთანხმება იქნება მიღწეული”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები