საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაზით მოწამლული დედა და მისი ორი შვილი გადაარჩინეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაზით მოწამლული დედა და მისი ორი შვილი გადაარჩინეს.
როგორც საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მცირეწლოვანმა ბავშვმა დარეკა და დახმარება ითხოვა.
მათივე ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორმა ზაზა ნოდიამ მაშველების მოსვლამდე ბინაში აივნიდან შეაღწია.
„გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა მცირეწლოვანმა ბავშვმა და ითხოვდა დახმარებას. მან მხოლოდ ქუჩა მიუთითა, თუმცა ვერ შეძლო კონკრეტულად სადარბაზოს და სართულის დასახელება. ამის შემდეგ სატელეფონო კავშირი გაწყდა. ბავშვმა ასევე ვერ მოასწრო იმის თქმა, თუ რა სახის დახმარება სჭირდებოდა“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: პოლიციის მაიორი მერაბ ბეჟანიშვილი და მისი მეწყვილე – პოლიციის კაპიტანი ზაზა ნოდია, შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ მითითებულ მისამართზე, თუმცა არ იცოდნენ, რა სახის შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.
„პატრულებმა მეზობლების დახმარებით შეძლეს მოეძებნათ ბავშვის საცხოვრებელი ბინა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის თხონის მიუხედავად, კარს არავინ აღებდა, არც ტელეფონის ზარს პასუხობდნენ, ბინიდან კი გაურკვევლი ხმები გამოდიოდა.
სამართალდამცველები სასწრაფო – სამედიცინო დახმარებას და სამაშველო სამსახურს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ.
პატრულ-ინსპექტორმა ზაზა ნოდიამ მიიღო გადაწყვეტილება და მაშველების მოსვლამდე ბინაში აივნიდან შეაღწია.
იქ მას სამი უგონოდ მყოფი ადამიანი, ქალბატონი და მისი ორი შვილი დახვდა. ისინი, სავარაუდოდ, გაზით იყვნენ მოწამლულები. პატრულ-ინსპექტორმა სასწრაფოდ გაანიავა ოთახი. რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო – სამედიცინო დამხარების ბრიგადა და დროულად მოხერხდა სამივე დაზარალებულის გადარჩენა“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.
ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები