იაპონიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გამოუყო

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლით დასადებ შეთანხმებას 200 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 2 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოტებს და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს, საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ. ცერემონიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დაესწრო. არასაპროექტო გრანტი გამოიყენება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების გასაუმჯობესებლად დაკვირვების სადგურების ავტომატური აღჭურვილობით განახლებისათვის; ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების რისკის განსაზღვრისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის (ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების პარამეტრებზე დაკვირვების აპარატურა, ასევე წყლის ხარისხისა და ნიადაგის გამოსაკვლევი აპარატურა) შეძენისათვის. ეს საგრანტო დახმარება, იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რიგით მეშვიდეა. იაპონიის მთავრობამ, ხსენებული პროგრამის ფარგლებში, 1997-2010 წლებში, საქართველოსთვის 3,58 მილიარდი იაპონური იენი გამოიყო, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები