ნიკო ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პირველად გამოიფინება საზოგადოების წინაშე

15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში შედგება ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაცია. ნიკო ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პირველად გამოიფინება სრული სახით.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქართული ფერწერის საინვენტარო წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით, „ნადირობა ინდოეთში“ მუზეუმმა 1930 წელს მწერალ სერგო კლდიაშვილისგან შეიძინა. სურათის ზედა ნაწილიდან ამოჭრილი იყო ფრაგმენტი მიმავალი მამაკაცის ფიგურით. მოგვიანებით, ეს ფრაგმენტი, ასევე მუზეუმმა შეიძინა. შეძენის თარიღი და მფლობელის ვინაობა საინვენტარო წიგნში მითითებული არ არის.
ფრაგმენტი სურათისა „ნადირობა ინდოეთში“ პირველად 1930 წელს მოსკოვში, ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. სურათიდან ამოჭრილი ფრაგმენტი უკანასკნელად 1938 წელს გამოიფინა, თბილისში, მეტეხის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე. დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შემდგომ ტილოს ძირითადი ნაწილი დახვეულ მდგომარეობაში ინახებოდა ფონდში. 1970-იან წლებში იყო მცდელობა რესტავრაციისა, თუმცა სურათის მძიმე დაზიანებების გამო პროცესის დაწყება ვერ მოხერხდა.
სარესტავრაციო მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო 2004 წელს, ხოლო 2014 წელს განხორციელდა ნამუშევრის რესტავრაცია. ნამუშევრის „ნადირობა ინდოეთში“ რესტავრაცია შეასრულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორებმა ნანა მანაგაძემ და ეველინა კარსელმა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ „ნადირობა ინდოეთში“ პირველად იფინება სრული სახით.
გამოფენა 31 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები