ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი სპეცოპერაციის დეტალები

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ შეტაკებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც “კვირას“ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ განუცხადა, გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე პირმა 11 იანვარს სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი, მამაკაცი გაიტაცა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ერთ-ერთი გამტაცებელიც მოკლა, გატაცების შესახებ კი “აფხაზურ სამართალდამცველებს“ აცნობა.
სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი ანდრეი უდალცევი.
გოგოხიას ინფორმაციით, დაღუპულები სოხუმში გადაასვენეს. „11 იანვარს გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე პირმა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან მამაკაცი გაიტაცა. გატაცებულმა თავის დახსნა შეძლო და ერთ-ერთი გამტაცებელი მოკლა, შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის “სამართალდამცველებს“ შეატყობინა და სპეცოპერაცია დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორი გამტაცებელი, ასევე „აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის“ თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსი „მესაზღვრე“ ანდრეი უდალცევი გარდაიცვალნენ. ჩემი ინფორმაციით, ე.წ. სპეცსამსახურები სპეცოპერაციას განაგრძობენ დაჯგუფების დანარჩენი წევრების დასაკავებლად“, – განუცხადა “კვირას“ ოთარ გოგოხიამ.
„კვირა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასაც დაუკავშირდა, ყოლბაია მომხდარს ადასტურებს.
რაც შეეხება აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გამტაცებლები ქართული დაჯგუფების წევრები იყვნენ, ყოლბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულად რამის თქმა გაუჭირდება.
“მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და ვრცელ კომენტარს საჭიროების შემთხვევაში მოგვიანებით გავაკეთებ“, – განუცხადა “კვირას“ ყოლბაიამ.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში, „საქართველო–აფხაზეთის საზღვრის მახლობლად“ ქართულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას აფხაზი და რუსი სამხედროები დაიღუპნენ.
sukhum-moscow.ru-ს ცნობით, ქართული დაჯგუფება ადგილობრივი მცხოვრების მოტაცებას ცდილობდა. გალის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ერთობლივი ოპერაცია „ცხელ კვალზე“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა „აფხაზეთის ანტიტერორისტულმა ცენტრმა“, „აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ თანამშრომლებმა და რუსმა „მესაზღვრეებმა“ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები