პროექტი „გზავნილები გია ყანჩელს“ გაიმართება

13 იანვარს, 19:30 საათზე რუსთაველის თეატრში, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტი „გზავნილები გია ყანჩელს“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ივენთ-კომპანია „იდეა-ფიქსი“. 2015 წელს ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს, 80 წელი უსრულდება. სწორედ ამ თარიღს უძღვნის დავით მალაზონია ახალ მუსიკალურ პროექტს. კომპოზიტორი, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა და თბილისში სულ რამდენიმე წელია დაბრუნდა, გია ყანჩელის 12 მელოდიის ახლებურ ინტერპრეტაციაზე ბოლო ხუთი წელია მუშაობს. ის კონსულტაციებს თავად ავტორთან გადის.
გარდა მუსიკალური ნაწილისა, განსაკუთრებულია თავად კონცერტის კონცეფცია. „გზავნილები გია ყანჩელს“ გულისხმობს, რომ ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს საშუალება ექნება, ეკრანზე ნახოს წერილები, რომლებიც გია ყანჩელს მისმა მეგობრებმა მიუძღვნეს. მათ შორის, ნანი ბრეგვაძემ, რობერტ სტურუამ, გოგი ალექსი-მესხიშვილმა, რეზო გაბრიაძემ და სხვა. გარდა ამისა, დამსწრეებს თავადაც ექნებათ საშუალება, დაუწერონ წერილი საყვარელ კომპოზიტორს.
მცირე ხნის წინ სახელოვნებო ინდუსტრია „არტ-პალასის“ ხმის ჩამწერ სტუდიაში პაატა ბურჭულაძემ, დათო მალაზონიას ახლებური ინტერპრეტაციით, სპეციალურად ამ პროექტისთვის, ჩაწერა ცნობილი სიმღერა „ცვივა თოვლის ფანტელი“. კონცერტში მონაწილეობენ: ნინო სურგულაძე, ანი კეკუა, ეთნო-ჯაზბენდი „ირიაო“, სპეციალური სტუმარი გერმანიიდან, ვირტუოზი ტუბისტი კრისტოფ შვაიცერი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ორკესტრი, დირიჟორი: მირიან ხუხუნაიშვილი. მხარდამჭერები: თბილისის მერია და თბილისის საკრებულო. ღონისძიების პარტნიორი კომპანია – „ჯეოსელი“. სპონსორები: „სამსუნგი“, ღვინო „თამადა“, „არდი“. ოფიციალური გადამყვანი: „გლობალ თრეველი“. კონცერტისთვის კოსტიუმები შეიკერა „ნანა მელქაძის მოდის სახლში“. საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, „პალიტრა მედია“. კინოთეატრები: „რუსთაველი“, „ამირანი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები