„შარლი ებდოს“ კარიკატურისტი: უეცრად გაჩენილ, ახალ მეგობრებზე გული მერევა
„გული მერევა ახალ მეგობრებზე, რომლებიც სატირულ ჟურნალს უეცრად დიდი რაოდენობით გამოუჩნდა“, – ამის შესახებ „შარლი ებდოს“ კარიკატურისტმა, ჰოლანდიელმა მხატვარმა ბერნარ ჰოლტროპმა განაცხადა. მისი სიტყვების ციტირებას ჰოლანდიური გამოცემა Volkskrant-ი ახდენს.
73 წლის კარიკატურისტმა, რომელიც „ვილემის” ფსევდონიმითაა ცნობილი და „შარლი ებდოს” გარდა ასევე გაზეთ Liberation-თან თანამშრომლობს, დასცინა მათ, ვინც „შარლი ებდოს“ ტრაგედიის შემდეგ საკუთარი თავი გამოცემის მეგობრად გამოაცხადა.
ცნობისთვის, ჟურნალი „შარლი ებდო“ იმ პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების მწვავე კარიკატურებს აქვეყნებდა, რომლებიც ახლა ჟურნალს მხარს უჭერენ.
„ჩვენ დიდი რაოდენობით ახალი მეგობრები გამოგვიჩნდა. რომის პაპი, დედოფალი ელიზაბეტი და პუტინი. ჩემთვის ეს სასაცილოა“, – განაცხადა კარიკატურისტმა.
ვილემმა ასევე ფრანგი ნაციონალისტების ლიდერის, „ეროვნული ფრონტის“ ხელმძღვანელის მარინ ლე პენის შესახებ გააკეთა განცხადება.
„მას უხარია, როდესაც ისლამისტები სროლას იწყებენ. გული მერევა ყველა ამ ადამიანზე, რომლებიც უცებ ჩვენი მეგობრები გახდნენ“, – განაცხადა ვილემმა.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე ძმებმა საიდ და შერიფ კუაშებმა ტერაქტი განახორციელეს, რის შედეგადაც გამოცემის 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა.