მოკლული ძმების – ალექსანდრე (საშა) და დენის ატარშიკოვების ბინაში 120 000 დოლარი იპოვეს

დიღმის მასივში, 2 იანვარს მოკლული ძმები ალექსანდრე (საშა) და დენის ატარშიკოვების ბინაში, პოლიციამ 120 000 დოლარი იპოვა. გამორიცხული არ არის, რომ დამნაშავეები ამ ფულს ეძებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.
ბრალდებულ ბესიკ ფიოლიას ადვოკატის ხათუნა ხურცილავას თქმით, კედელზე დიდი სურათი ეკიდა და სწორედ ამ სურათის უკან იპოვეს სეიფი, რომელშიც თანხა იყო.
„ამოღებულია 120 000 დოლარი. კედელზე ეკიდა დიდი სურათი. სწორედ ამ სურათის უკან იპოვეს სეიფი, რომელშიც თანხა იყო. ხითარიშვილი ამბობს, რომ მცოდნოდა, ფული იქ იყო, ხომ წამოვიღებდიო. იმდენად ეკონომიურად ცხოვრობდნენ, ამას ვერ წარმოიდგენდა“,- განაცხადა ხურცილავამ.
ძმები ალექსანდრე (საშა) და დენის ატარშიკოვები საკუთარ ბინაში დახოცეს. მათი ცხედრები დეიდამ და კომპანია „ჯეო ლიფტის“ თანამშრომლებმა მეორე დღეს აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, დამნაშავეებმა ამ მკვლელობის შემდეგ სხვა დანაშაულიც ჩაიდინეს – ბინიდან „ჯეო ლიფტის“ ოფისის გასაღები მოიპარეს და იქიდან 500 ლარის ოდენობით ხურდა ფული წაიღეს. დილით თანამშრომლებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამის შემდეგ მოიძიეს მეპატრონე (საშა ატარშიკოვი). ოთახში, სადაც ხურდები ინახებოდა, ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული და პოლიციას დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებია. დააკავეს „ჯეო ლიფტის“ ყოფილი თანამშრომელი, 20 წლის გიორგი ხითარიშვილი.
„როგორც ჩანს, დამნაშავეებმა არ იცოდნენ, რომ ოთახში, სადაც ხურდები ინახებოდა, ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, რომელმაც დამნაშავის სახე აღბეჭდა. ჯერ დააკავეს „ჯეო ლიფტის“ ყოფილი თანამშრომელი, 20 წლის გიორგი ხითარიშვილი, მალევე კი – მისი ბიძაშვილი, 19 წლის ბესიკ ფიოლია და 23 წლის მიხეილ ვასილიევიც.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ძმებს სხეულზე დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს და შემდეგ ორივე გაგუდეს, თუმცა, ბრალდებულების ადვოკატი გაგუდვას არ ადასტურებს. ის ექსპერტიზის პასუხს ელოდება“,- წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობითვე, საშა ატარშიკოვი კომპანია ,,ჯეო ლიფტის” ხელმძღვანელი იყო, იმავე ოფისში მუშაობდა მისი ძმა დენისიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები