საფრანგეთში სამოქალაქო ობიექტებს 10 000 სამხედრო დაიცავს
საფრანგეთში სამოქალაქო ობიექტებს, რომლებზეც შესაძლოა, ექსტრემისტების თავდასხმები მოხდეს, 10 000 სამხედრო დაიცავს. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი პირების შეხვედრის შედეგად მიიღო.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სამხედროები სამშაბათიდან, 13 იანვრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას შეუდგებიან. გარდა ამისა, 5 000 პოლიციელი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ქვეყნის 700 ებრაულ სკოლას დაიცავენ.
შეგახსენებთ, რომ სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ თანამშრომლებზე, პოლიციელებზე და ქაშერული საკვების მაღაზიაზე ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად საფრანგეთში გასულ კვირას 17 ადამიანი დაიღუპა.