ავსტრალიურმა გაზეთმა ქრისტეს და მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა
ავსტრალიის ერთ-ერთმა გაზეთმა საკუთარ გვერდზე იესო ქრისტეს და წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, გაზეთში გამოსახული ქრისტე და მუჰამედი კამათობენ.
კარიკატურებზე მიბმულ სტატიაში ნათქვამია, ამ გზით გაზეთი სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს და ყველას დემოკრატიული ფასეულობებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა.
ცნობისთვის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოცემული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა.
გუშინ მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.