ობამა: საფრანგეთის ტერაქტმა სიტყვის თავისუფლებისადმი „ბოევიკების“ შიში დაადასტურა

ტერაქტი პარიზში სიტყვის თავისუფლებისადმი ტერორისტების შიშს ადასტურებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
„ის გარემოება, რომ თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავისუფალ პრესაზე მოხდა, გვიჩვენებს, თუ რამდენად ეშინიათ ტერორისტებს სიტყვის თავისუფლების. მაგრამ მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგი ხალხის საერთო ფასეულობები, გამოხატვის თავისუფლების საერთო რწმენა ძალადობის გზით ვერ განადგურდება“, – განაცხადა ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანგი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ტერორიზმთან ბრძოლაში პარიზთან თანამშრომლობას განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა. ცნობისთვის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოცემული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა.
7 იანვარს მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები