საფრანგეთში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებენ
სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ თანამშრომლების მკვლელობაში ეჭვმიტანილ ძმებს მესამე დღეა ეძებენ. ოპერაციას ფრანგული პოლიცია და ტერორიზმთან ბრძოლის სპეცდანაყოფები სოფელ ლონგპონტში ატარებენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, ეჭვმიტანილების სამძებრო სამუშაოებში ავიაციაც არის ჩართული. მთელი საფრანგეთის მასშტაბით ხელისუფლების მიერ სამართალდამცავი ორგანოების 88 000 თანამშრომელია მობილიზებული.
ადგილობრივი მოსახლეობის ვარაუდით, დამნაშავეები შესაძლოა, სოფელთან ახლოს მდებარე ტყეში არიან დამალულები. ცნობისთვის, აშშ-ს სპეცსამსახურების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ძმები საიდ და შერიფ კუაშები ე.წ. სტოპ ლისტებში, ანუ იმ პირთა სიაში შედიოდნენ, რომელთაც შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ.
ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარი ტერაქტის თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები აცხადებდნენ, რომ დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და პოლიციის 2 ოფიცერი დაიღუპა. ცნობისთვის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. პირველი თავდასხმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 2011 წელს მოხდა. ჟურნალმა გამოცემული ნომრის მთავარ რედაქტორად წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოაცხადა და გარეკანზე მისი კარიკატურა გამოაქვეყნა. გუშინ მომხდარ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე კი, ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.