ჟურნალ „შარლ ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილებზე ძებნაა გამოცხადებული
საფრანგეთის პოლიციამ ორი ადამიანის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ჟურნალ „შარლ ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი. იძებნებიან ძმები კუაშები – 34 წლის საიდი და 32 წლის შერიფი. სამართალდამცავების გაფრთხილებით, ძმები შეიარაღებულები არიან. უცხოური პრესის ინფორმაციით, მესამე ეჭვმიტანილი, 18 წლის ამიდ მურადი პოლიციას ჩაბარდა. მურადის მტკიცებით, ის დამნაშავე არ არის. მურადის მეგობრების ფეისბუქში დაწერილი განცხადებების თანახმად, თავდასხმის დროს ის სკოლაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ეჭვმიტანილი შერიფ კუაში 2008 წელს ტერორიზმის ბრალდებით – ერაყში მეამბოხეებისთვის დახმარების გაწევისთვის უკვე იყო გასამართლებული. მან ციხეში წელიწადნახევარი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ჟურნალ „შარლ ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმაზე ეჭვმიტანილების სამძებრო მასშტაბური ოპერაცია გრძელდება. ოპერაციაში არმიის ძალები მონაწილეობენ.