საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის მსხვერპლთა პატივსაცემად 8 იანვრიდან ქვეყანაში სამდღიანი ნაციონალური გლოვა გამოაცხადა. ამ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
ტელეგამოსვლისას ოლანდმა აღნიშნა, რომ ხუთშაბათს, შუადღისას, საფრანგეთის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში წუთიერი დუმილი გამოცხადდება. „ჩვენი საუკეთესო იარაღი – ჩვენი ერთიანობაა. არაფერს შეუძლია ჩვენი გაყოფა. მოდით, გავერთიანდეთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ოლანდის განმარტებითვე, ტერაქტის მსხვერპლი „მამაცი ჟურნალისტები“ გახდნენ. მან ყველას შეახსენა, მიუხედავად იმისა, რომ რედაქციის თანამშრომლებს მრავალი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ,  ისინი მაინც აგრძელებდნენ მუშაობას.
„ეს მამაკაცები, ეს ქალბატონი – იდეისთვის, თავისუფლებისთვის დაიღუპნენ. მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო მათი ოჯახების მიმართ, ახლობლების, ყველას მიმართ, ვინც დაიღუპა და დაიჭრა ამ მუხანათური ტერაქტის შედეგად. დღეს ისინი – ჩვენი გმირები არიან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ თავდასხმაში დამნაშავეების მოსაძებნად და დასაკავებლად ყველაფერს გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები