ბაქოში ჯიჰადისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს
აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავა. უცხოური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სირიის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულები სირიაში გასულ წელს იმყოფებოდნენ. სირიაში მათ სამხედრო მომზადება გაიარეს, რადიკალური ისლამი შეისწავლეს და საბრძოლო მოქმედებებში „არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების“ წევრების სახით მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა წყვილმა მოსკოვი დატოვა და „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებს შეუერთდა.