საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზებზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, მეორე დღეა შეზღუდულია მოძრაობა. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დიდთოვლობააა გუდაურშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია.
ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეცაა დაწესებული. მოძრაობა აკრძალულია ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა მონაკვეთზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 -საათიან რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას საავტომობილო გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები