ალილო „ვარდების მოედნიდან“ 14:00 საათზე დაიწყება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო დღეს, 14:00 საათზე, “ვარდების მოედნიდან“ დაიწყება. როგორც “კვირას“ საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებიდან აცნობეს, მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ექნება.
მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას, კონკასთან მონაწილეთა ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავთ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. აქ ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ალილოს მონაწილეებს ტბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები შობის პარაკლისს გადაიხდიან. გზადაგზა მოსახლეობა ალილოში მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ალილოს მონაწილეებს შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.