ოქსფორდში ვირუს ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას ატარებენ
მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ვირუს ებოლას საწინააღმდეგო ექსპერიმენტალური ვაქცინის გამოცდას ატარებენ. გამოცდის პროცესში 18-დან 50 წლამდე 72 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, კომპანია Janssen-ში მაიმუნებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ებოლას ვირუსისგან ადამიანს სრულად იცავს. ოქსფორდში ცდებში მონაწილე მოხალისეები იქნებიან პირველი ადამიანები, ვის ორგანიზმშიც ვაქცინას შეიყვანენ.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველა მონაწილეს იმუნიზაცია ერთი თვის მანძილზე ჩაუტარდება. მთავარი მიზანი – მივხვდეთ, თუ რამდენადაა უსაფრთხო ვაქცინა“, – განაცხადა ექიმმა მეთიუ სნეიპმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ორი თვის შემდეგ მოხალისეები ვაქცინის დამატებით დოზას მიიღებენ.
ანალოგიური ცდები ჩატარდება აშშ-ში და აფრიკის ქვეყნებში, სადაც ებოლა გავრცელებული არ არის. პირველი დოზა იმუნურ სისტემას მოამზადებს, მეორე ინიექცია კი იმუნურ პასუხს გააძლიერებს.